პროფკავშირები – "რუსთავის ფოლადის" თანამშრომლები პროტესტს წყვეტენ

შპს ,,რუსთავის ფოლადის" ადმინისტრაციისა და დასაქმებულების მორიგი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ადმინისტრაციამ წარმოადგინა შეთანხმების პროექტი, დასაქმებულთა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ - მათი იძულებითი მოცდენის პერიოდში ყოფნის დროს.

"ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, დასაქმებულებს უშუამდგომლოს ბანკებში კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებით.

ასევე იღებს ვალდებულებას, ამ პერიოდში საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასულ თანამშრომელს გადაუხადოს ყველა ის გასაცემელი, რაც მოქმედებს დამსაქმებლის ინიციატივით შრომის კონტრაქტის შეწყვეტისას.

ასევე მენეჯმენტი დებს პირობას, რომ მიმდინარე წლის 10 მარტიდან დასაქმებულები დაუბრუნდებიან სამუშაოს.

პროფკავშირის მოთხოვნით, ადმინიტრაციამ აიღო ვალდებულება, ორი კვირის ვადაში გასაყიდად გაიტანოს რაიმე მოძრავი ან უძრავი საშუალებების ნაწილი, რათა იძულებით მოცდენაზე მყოფ თანამშრომლებს გადაუხადონ შარშანდელი დავალიანება, რომელიც ხელფასის 15%-ს შეადგენს.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა იმ დასაქმებულებს, რომლებიც არასაკმარისად მიიჩნევენ შემოთავაზებას, შესთავაზა სამართლებრივი დავის გაგრძელება, თუმცა დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს წარმოდგენილ შეთანხმებას.

დღევანდელ შეხვედრაში, ისევე როგორც მთელ მიმდინარე დავაში, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება", - ნათქვამია პროფკავშირების ინფორმაციაში.