მთავრობამ პარლამენტს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შემოღების ინიციატივით მიმართა

მთავრობამ პარლამენტს რეესტრის ახალი კატეგორიის – ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შემოღების ინიციატივით მიმართა. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებისათვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება, გარდა გამონაკლისი სუბიექტებისა. ეს გამოკლისი, ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონები და ის სუბიექტები არიან, რომლებიც ცხოველური საკვების, მცენარის პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებული. მათთვის ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონსა და კიდევ ოთხ საკანონმდებლო აქტში შედის.

პროექტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც მთავრობა აცხადებს, ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებით და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, საქართველოში 2015 წლის 1-ელ ივლისამდე 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კლასიფიკატორი – "ეკონომიკური საქმიანობების სახეები" მოქმედებდა, თუმცა ქვეყანაში არ იყო შექმნილი ეფექტური მექანიზმი, რომელიც მის გამოყენებას უზრუნველყოფდა. ბარამიძის თქმით, ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სისტემატიზებული, ზუსტი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტების, ასევე კერძო პირებისათვის.

გარდა ამისა, როგორც ბარამიძემ განმარტა, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ საქმიანობას, რომელზეც სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში იკვეთება ისეთი შემთხვევები, როდესაც სუბიექტი რეგისტრაციას არ ექვემდებარება, რადგან არც მეწამე და არც სამეწარმეო იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მისი საქმიანობა დაკავშირებულია კვების პროდუქტებთან და ბიზნეს-ოპერატორისათვის კანონით დადგენილი სტანდარტი მასზეც უნდა ვრცელდებოდეს.

ამ მიმართულებით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" ცვლილების პროექტი კომიტეტს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გააცნო. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით ბიზნეს-ოპერატორების დიფერენციაცია ხორციელდება – იქნებიან შედარებით მცირე ბიზნეს-ოპერატორები, ვისაც 200 ათასზე ნაკლები ბრუნვა აქვს და უფრო მსხვილი ბიზნეს-ოპერატორები. საქმიანობის ამ სფეროში დაკავებული ბიზნეს-ოპერატორები ვალდებული ხდებიან, თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად რეესტრში განაახლონ, რათა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო კონტროლის დროს, უფრო ობიექტური და სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მონიტორინგის ფარგლებში, სურსათის შენახვის პირობების – ტემპერატურული რეჟიმი და სხვა მოთხოვნების შემოწმების შესაძლებლობა ექნება.

შემოდის სანქციები პირობების დარღვევის შემთხვევაში – მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნეს-ოპერატორებისა და სხვა ბიზნეს-ოპერატორებისთვის პასუხისმგებლობის ზომები კი დიფერენცირებული იქნება, ხოლო დარღვევის განმეორების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობისთვის უფრო მაღალი სანქციები განისაზღვრება. ამავე ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როცა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით ბაზრიდან მაღალი რისკის შემცველი პროდუქტის დაუყონებლივ გამოთხოვა არ მოხდება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით.

"მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ 2020 წლამდე ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლისგან განთავისუფლებული იყვნენ, ნარჩუნდება, თუმცა როდესაც დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე არსებობს მაღალი რისკი, ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან შესაბამისი ზომები განხორციელდება", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ინიცირებული პროექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეეტრში ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონების სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ნათია ხმალაძის განმარტებით, მათ პრევენციისა და კონტროლის ტექნიკური რეგლამენტის ნორმების დაცვა მოეთხოვებათ. აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა კი, მუნიციპალური ორგანოების პასუხისმგებლობა იქნება.