ელჩი - ირანი ყოველთვის პატივს სცემდა და მომავალშიც პატივს სცემს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას

როდესაც სახელმწიფო იღებს ვიზების შემოღებაზე ან გაუქმებაზე გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩმა, აბას თალები-ფარმა განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ირანი ყოველთვის პატივს სცემდა და მომავალშიც პატივს სცემს საქართველოს ამ სუვერენულ უფლებას, საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

"როდესაც ჯერ კიდევ 2010 წელს სავიზო რეჟიმი გაუქმდა, უფრო გაიზარდა ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა და ამან შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდას. ყველაზე დიდი ციფრი იყო 100 000-მდე ტურისტი ირანიდან. როდესაც უკვე 2013 წელს საქართველომ ცალმხრივად დროებით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა, ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა და შემცირდა ტურისტების რიცხვიც. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდეთ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას და ახლაც ძალიან პატივისცემით ვეკიდებით და ძალიან გვიხარია საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც საქართველოს მხრიდან ცალმხრივად შეჩერდა უვიზო რეჟიმი, ირანმა გააგრძელა შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ჩადიოდნენ ირანში", - განაცხადა ირანის ელჩმა.