ბრიტანულ კომპანიებს სქესთა შორის სახელფასო სხვაობის გასაჯაროება დაევალათ

გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახალი ინიციატივა შეიმუშავა.

ამიერიდან ყველა ბრიტანული კომპანია, სადაც 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, ვალდებული იქნება გაასაჯაროს სახელფასო სხვაობა კომპანიაში დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის. ახალი რეგულაცია დაახლოებით 8 ათას დამსაქმებელს შეეხება.

დიდი ბრიტანეთის თანასწორუფლებიანობისა და ქალთა უფლებების საკითხთა მინისტრი ნიკი მორგანი იმედოვნებს, რომ გასაჯაროებული მონაცემები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, გაიგოს, თუ შრომის ბაზრის რომელ სექტორებშია ყველაზე დიდი სხვაობა.

პროფკავშირების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ქალების ხელფასი 20%-ით უფრო დაბალია, ვიდრე ანალოგიურ პოზიციაზე მომუშავე მამაკაცის.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2015 წლის აპრილში, შრომის ბაზარზე სხვაობა ქალებისა და მამაკაცების შემოსავალს შორის 9,4%-ს შეადგენდა, რაც 0,4%-ით ნაკლებია, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში.