გიორგი კვირიკაშვილი - ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით

ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ირანს შეუძლია რეგიონში და მის ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირში, განახლებული დინამიზმის შემოტანა. ეს შესაძლოა, ძალიან საინტერესო იყოს ევროპული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ქვეყანა აკავშირებს აზიასა და ევროპას. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები, ორი დღის წინ პრეზიდენტ რუჰანისთან ჩემი სატელეფონო საუბრის ჩათვლით, რომლის დროსაც ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები. ირანთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიცია, პირველ რიგში, კულტურული ურთიერთობები და ტურიზმი, რომლებიც დასაწყისისთვის შეიძლება გახდეს თანამშრომლობის შესანიშნავი მიმართულებები. ამისთვის ჩვენ განვაახლებთ უვიზო რეჟიმს ირანთან. შედეგად, გაიზრდება ირანელი სტუმრების რიცხვი, ბიზნესმენების ჩათვლით, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ბიზნესშესაძლებლობების მოსასინჯად. ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით. საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე კი მას აძლევს შესაძლებლობას, შესთავაზოს ირანსა და ევროპას თანამშრომლობის პერსპექტივა", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.