გიორგი ჩოგოვაძე - მთავრობის გადაწყვეტილება, გაუქმდეს სავიზო რეჟიმი ირანთან, არის დროული

ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაუქმდეს სავიზო რეჟიმი ირანთან, არის აბსოლუტურად ადეკვატური, სწორი და დროული, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ მსოფლიოში განვითარებული გლობალური პროცესების შედეგად, ირანი, როგორც ქვეყანა, როგორც ბაზარი უფრო გახსნილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, რა თქმა უნდა, იმოქმედებს იმაზე, რომ მეტი ტურისტი შემოვა ირანიდან, დაინიშნება პირდაპირი ავიამიმოსვლა და ტურისტებთან ერთად საერთაშორისო შემოსავლები გაიზრდება.

"2016 წლის 15 თებერვალი იქნება პირველი დღე, როდესაც უვიზო მიმოსვლა იქნება ირანთან და პირველივე დღეს ირანიდან ჩვენ მივიღებთ 14 კაციან ჯგუფს ირანელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების. ეს იქნება სიმბოლური, მაგრამ დიდი დასაწყისი იმის, რომ ირანის როგორც ტურისტულ კომპანიებთან, ასევე ჟურნალისტებთან გააქტიურდეს ურთიერთობები, რათა საქართველო გახდეს ისევ აქტუალური მოგზაურობისთვის", - განაცხადა ჩოგოვაძემ და აღნიშნა, რომ თავის მხრივ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გეგმავს ირანში ვიზიტს და პრეზენტაციების გამართვას.