საპარტნიორო ფონდში კომპანია SU MARKETS-ის საინვესტიციო წინადადებები განიხილეს

საპარტნიორო ფონდში რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS-ის საინვესტიციო წინადადებები განიხილეს. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ფონდში თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა კომპანია SU MARKETS-ის წარმომადგენლების წინადადებები განიხილეს.

ქართულ-თურქულ-რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. კომპანია ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. საპარტნიორო ფონდმა პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნეს.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.