ობამა სკოლებში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებისთვის 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ქვეყნის უკლებლივ ყველა ბავშვი უნდა დაეუფლოს კომპიუტერულ მეცნიერებებისა და პროგრამირების საბაზისო უნარებს.

მისი თქმით, ციფრული ეკონომიკის მომავალში ეს წარმატებული ცხოვრებისა და მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია.

ცოტა ხნის წინ მოსხლეობისთვის ყოველკვირეულ მიმართვაში ბარაკ ობამამ ახალი ინიციატივა „კომპიუტერული მეცნიერებები ყველასთვის“ წარადგინა, რომელიც საბავშვო ბაღიდან დაწყებული, კოლეჯით დამთავრებული საგანმანათლებლო კონცეფციის განახლებას გულისხმობს.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი შვილები მზად არიან მომავალში მუშაობისთვის, რომ ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობის ცოდნით, არამედ აქვთ ანალიტიკური აზროვნება და კომპიუტერული უნარ-ჩვევები, რაც ასეთი მოთხოვნადია ინოვაციურ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, რომ ეკონომიკის ახალ პირობებში კომპიუტერული მეცნიერების ცოდნა ისეთივე უნარია, როგორც კითხვა, წერა და მათემატიკა.

სკოლებში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებისთვის აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს ხანებში მიმართავს კონგრესს 4,2 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით.

აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, 10 გამოკითხული ამერიკელი მშობლიდან, 9 აღნიშნავს, რომ სურს მისი შვილი სკოლაში პროგრამირებას ეუფლებოდეს. ამ ეტაპზე კომპიუტერულ მეცნიერებებს აშშ-ის სკოლების მხოლოდ მეოთხედში ასწავლიან.