არაბულ ქვეყნებში მსახურთუფროსები 150 ათას დოლარს გამოიმუშავებენ

მსახურები როგორც წესი, საუკუნეების წინანდელ ეპოქასთან ასოცირდება, როცა ყველა მდიდარ ოჯახში აუცილებელი იყო მსახურის ყოლა.თუმცა, დიდ ბრიტანეთში ამ პროფესიას დღეს ინსტიტუტში ეუფლებიან, რათა შემდგომ საკმაოდ შემოსავლიან სამსახური იშოვონ.

BBC Capital-ის ინფორმაციით, კარგად მომზადებული და პროფესიონალი მსახურთუფროსის ანაზღაურება დიდ ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა წელიწადში 150 ათას დოლარსაც კი აღწევს.

ლონდონის სასტუმრო „რიცის“ ყოფილი მსახურთუფროსი, ახლა კი ბრიტანეთის მსახურთუფროსთა ინსტიტუტის (British Butler Institute) დირექტორი გარი უილიამსი ამბობს, რომ ყოველწლიურად ბრიტანეთში მსახურთუფროსობას 400-მდე ადამიანი ეუფლება.

„მათი 30% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში მიდის სამუშაოდ. ამ ქვეყნებში ისინი მუშაობას ძირითადად სამეფო ოჯახებში, შეიხებთან და ნავთობმომპოვებლებთან იწყებენ, სადაც სულ მცირე სამი სახლისა და 15 თანამშრომლის ზედამხედველობა ევალებათ“, - აღნიშნავს ბრიტანეთის მსახურთუფროსთა აკადემიის ხელმძღვანელი სარა ვესტინ რამანი.

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში მსახურთუფროსთა საშუალო ანაზღაურება წელიწადში 50 ათასი ფუნთია (71 ათასი დოლარი), არაბეთის ქვეყნებში დაახლოებით 95 ათასი დოლარი. თუმცა, ამ თანხაში არ შედის ბონუსები, რომელსაც ამ პროფესიის ადამიანები ხშირად იღებენ.

„თუმცა, პროფესიონალი მსახურთუფროსები, რომელთაც რესპექტაბელური სასტუმროებისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რეკომენდაცია აქვთ, ყოველწლიურად 150 ათას დოლარზე მეტს იღებენ“, - აცხადებს რამანი.

მისი თქმით, 2014 წელს აკადემიის 30 წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმდა არაბულ ქვეყნებში, სადაც მათი ანაზღაურება წლიურად 143 ათას დოლარს შეადგენს.