"პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინკაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უფრო მასშტაბური გახდა ის უარყოფითი გავლენა, რომელსაც ონლაინკაზინოები და ონლაინბეთები ახდენენ ჩვენს თანამოქალაქეებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე.

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებამ ბევრი ოჯახი დაანგრია, ზოგს დანაშაულისკენ უბიძგა და არაერთი თვითმკვლელობის მიზეზიც გახდა.

ონლაინ სათამაშო პორტალებზე ფაქტობრივად, შეუძლებელია არასრულწლოვან მოთამაშეთა იდენტიფიკაცია და მათი შეზღუდვა. არადა, სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის მოთამაშეებს ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე – გახდნენ თამაშზე დამოკიდებულები, აქედან გამომდინარე ყველა პრობლემით...

ჩვენ გვაწუხებს საზოგადოების ეს პრობლემა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უნებურად ჩვენც ვმონაწილეობთ ადამიანების თამაშით დაინტერესებაში, როდესაც სხვადასხვა მედია პლატფორმებზე ვახდენთ ინტერნეტ კაზინოების და ბეთების რეკლამირებას. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "პალიტრა მედიას" არც ერთი მედიასაშუალება ონლაინ კაზინოების რეკლამაზე შეკვეთას აღარ მიიღებს (მიუხედავად იმისა, რომ ონლაინკაზინოების და ბეთების რეკლამიდან შემოსავალი "პალიტრა მედიისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანია და მთლიანი სარეკლამო შემოსავლების თითქმის 5%-ს შეადგენს).

ვიმედოვნებთ, რომ "პალიტრა მედიას" აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რათა შემცირდეს თამაშზე დამოკიდებული მოქალაქეების რიცხვი და თავიდან ავიცილოთ ტრაგედიები.