თურქეთში რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდა

თურქეთმა რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. "ბი-ბი-სის" ცნობით, 15 თებერვლიდან რუს ჟურნალისტებს თურქეთში ჩასასვლელად ვიზის აღება დასჭირდებათ.

როგორც მოსკოვში მდებარე თურქეთის საელჩოში აცხადებენ, მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტის სპეციალური ვიზის აღება მოუწევთ. მსგავსი სახის ვიზის აღება რუსეთში მყოფ თურქ ჟურნალისტებსაც უწევთ.

რუსეთმა 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის მიზეზი გასული წლის 24 ნოემბერს თურქეთის გადაწყვეტილებით რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა. ოფიციალური ანკარის განცხადებით, რუსულმა საფრენმა აპარატმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც რუსული მხარე უარყოფს.

მომხდარის შემდეგ რუსეთმა თურქეთს არაერთი ეკონომიკური სანქცია დაუწესა, მათ შორის რუსეთში შეზღუდა თურქული პროდუქციის იმპორტი და თურქეთის მიმართულებით ტურისტული საგზურების გაყიდვა აკრძალა.