ნავთობზე ფასი დაეცა

ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერის ევროპაში გამგზავრების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე დღეს დილით ნავთობის ფასი დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,12%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ ბარელზე 33,31 დოლარი შეადგინა.

0,39%-ით შემცირდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 29,33 დოლარი შეადგინა.

გასული კვირის ბოლოს „შავ ოქროზე“ ფასი მსოფლიო ბაზარზე 9-12%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მხრიდან ნავთობის წარმოების შემცირების მოლოდინი იყო.

ირანული მედიის ცნობით, ირანი ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთულ ტანკერებს გააგზავნის.

ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის (NIOC) ხელმძღვანელის როკნოდინა ჯავადის განცხადებით, ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია „ტოტალმა“ შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა.