მზიურის ტერიტორიაზე კორტების სრული განახლების პროექტი შემუშავდა

ინვესტორთა გარკვეულმა ჯგუფმა ვაკეში, მზიურის ტერიტორიაზე კორტების სრული განახლების პროექტი შეიმუშავეს. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი საუბრობს. მისი თქმით, ინვესტორები ჩოგბურთის ფედერაციამ მოიძია და ახალი იდეით დააინტერესა.

„ინვესტორთა ამ ჯგუფს პირადად მე შევთავაზე ეს იდეა და მათაც მოიწონეს. მიზანი არის ერთადერთი - ქართული ჩოგბურთი იყოს თანამედროვე სტანდარტების და ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. უკვე არსებობს პროექტი და მისი განხორციელება მზიურის ტერიტორიაზე იგეგმება. ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია და 8-10 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებაზეა საუბარი.

bpn

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტორთა ეს ჯგუფი მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აბსოლუტურად უფასოდ დაუთმოს მოედანი - მაგალითად, როდესაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაგეგმავს ნებისიერ შეჯიბრს: საქართველოს პირველობას, ფედერაციის თასს, დევისის თასს. აქვე, მოეწყობა ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირებიც და განთავსდება ჩოგბურთის ფედერაციის ოფისიც“, - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

პროექტის ფარგლებში, ჩოგბურთის ორი დახურული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს.

(R)