ზემო ხვითის, ზედა და ქვედა ნიქოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის - ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე ზემო ხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის დასრულების შედეგად 3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

"პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 5 ჭაბურღილი, ერთი რეზერვუარი, საქლორატორო და სატუმბი სადგური, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 კმ წყალმომარაგების ქსელს. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით, დამონტაჟდა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი", - განმარტავენ სამინისტროში.

სოფლები ზედა და ქვედა ნიქოზი, ასევე, ზემო ხვითი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია.