"ენერგო-პრო ჯორჯიამ" ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო

სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ტურისტულ რაიონებში ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მიზნით "ენერგო-პრო ჯორჯია" ქობულეთში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მათივე განმარტებით, სამუშაოები 10 კვ ძაბვის ქსელში მიმდინარეობს და მათი დასრულებისთანავე ქობულეთის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება.

"რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება 1500 მ სიგრძის მიწისქვეშა კაბელი; სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება უამინდობით გამოწვეული დაზიანების ალბათობა და გაუმჯობესდება ქობულეთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება; შესაბამისად, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" 5000 აბონენტის ელექტროენერგიის მიწოდება ზაფხულის სეზონზე უფრო სტაბილური და ხარისხიანი იქნება.

გარდა ამისა, ქობულეთში იგეგმება კიდევ 2 ფიდერის რეაბილიტაცია და ახალი საკაბელო ტრასის გაყვანა, რომელიც ჩაანაცვლებს ჭაობზე გამავალ საჰაერო ხაზს. სამუშაოები მარტში დაიწყება და მნიშვნელოვნად გაზრდის ქსელის უსაფრთხოებას.

ზაფხულისთვის მზადების პროექტის ფარგლებში, "ენერგო-პრო ჯორჯია" გეგმავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარისა და გურიის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, გონიო-კვარიათის საკურორტო ზონაში მოეწყობა 2 ახალი სატრანსფორმატორო პუნქტი, რომელიც სეზონზე გაზრდილი სიმძლავრეების მოთხოვნას უპასუხებს.

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მთლიანად იცვლება დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის კაბელები, მოხდება ათამდე სატრანსფორმატორო პუნქტის რეკონსტრუქცია და ძველი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლა.

რაც შეეხება ურეკსა და გრიგოლეთს, აქ აშენდება ახალი სარეზერვო ფიდერები, რის შედეგადაც აღნიშნულ რაიონებს ალტერნატიული კვების წყარო გაუჩნდებათ", - აცხადებენ კომპანიაში.