დავით ნარმანიამ სამგორის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისნის რაიონში, სამგორის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის #18-თან მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათავლიერეს მერის მოადგილეებმა ლაშა აბაშიძემ და გიორგი ლილუაშვილმა, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა, ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ. დედაქალაქის მერს მოსახლეობის ნაწილმა სთხოვა, რომ დავით ნარმანია მათი პრობლემებით დაინტერესებულიყო. კერძოდ, რამდენიმე მოქალაქემ დედაქალაქის მერს სამგორის ქუჩის ის მონაკვეთი აჩვენა, სადაც ასფალტის საფარი არასდროს დაგებულა. მათ სთხოვეს მერს, საგზაო სამუშაოები ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზეც ეწარმოებინათ. მოსახლეობამ მერს ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის მოწყობა და წყლის პრობლემის მოგვარებაც სთხოვა. დედაქალაქის მერი მოსახლეობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საფარის დაგებას დაჰპირდა, ისნის რაიონის გამგებელს კი ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის მოწყობა დაავალა.

სამგორის #18-ში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ამ მომენტისთვის მიმდინარეობს. კეთდება ბორდიურები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა, ასფალტის საფარი დაახლოებით 5 000 კვ.მეტრზე დაიგება. სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება და 200 000 ლარი დაჯდება. გივი კუბლაშვილის თქმით, მოსახლეობის თხოვნას სამგორის ქუჩის ერთ მონაკვეთზე გზის დაგების შესახებ გაითვალისწინებენ და შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებენ.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, სამგორის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად მოსახლეობამ მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს მიმართა. მერიამ მაჟორიტარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.