"თელასმა" 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია "თელასმა" 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც "თელასში" აცხადებენ, 2015 წლის მონაცემებით, კომპანია "თელასმა" 2 მილიარდ 419 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,5%-ით (167 მლნ კვტ/სთ-ით) აღემატება 2014 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 252 მილიონი კვტ/სთ).

"თელასის" ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

"2014 წელთან შედარებით 2015 წელს 7,5%-ით (158 მლნ კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 273 მილიონი კვტ/სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 3%-ით (16,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 558,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 505,6 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 52,8 ათასი - იურიდიური პირი.

2015 წლის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 826 კმ შეადგინა, რაც 5,1%-ით (233 კმ-ით) აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს (4 593 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა," - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ 2015 წლის ოპერაციულ მაჩვენებლებში.

"თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"-ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე - სახელმწიფოს საკუთრებაა.