ამირან გიგუაშვილი - საბანკო გარანტიები სახელმწიფოს იარაღია ტენდერებში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიები საბანკო გარანტიებს მეწარმეთა ფაქტობრივი გაკოტრებისთვის და უსაფუძვლო გამდიდრებისთვის იყენებენ, რასაც ხშირად თავად ბანკებიც ხელს უწყობენ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მეწარმემ ან კერძო კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვოს, აუცილებელია საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის წარდგენა.

ადვოკატის განმარტებით, ხშირად ხდება ისე, რომ მეწარმე დადგენილ ვადაში ვერ ასრულებს სატენდერო პირობებს, რა დროსაც სახელმწიფო მას კონტრაქტს უწყვეტს და საბანკო გარანტიით გადასახდელ თანხას სრული მოცულობით ითხოვს, ეს თანხა კი უმეტესად მთლიანი კონტრაქტის ღირებულებაა, რაც მეწარმეს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

"ბუნებრივია სახელმწიფოს ინტერესები დაცული უნდა იყოს და საბანკო გარანტია ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, მაგრამ მეორე მხრივ, საჭიროა პროპორციულობის დაცვა. რატომ უნდა ითხოვდეს სახელმწიფო მეწარმისაგან კონტრაქტის სრულ ღირებულებას, როგორც პირგასამტეხლოს, მითუმეტეს, თუ რეალური ზიანი არ მიადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით ან რაიმე უმნიშვნელო გადაცდომით. ამ უსამართლობის მონაწილეები კი თავის მხრივ ბანკები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან, რომლებიც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არ ამოწმებენ ბენეფიციარების მოთხოვნას და ისე უნაზღაურებენ მათ საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თანხებს სრული მოცულობით", - აცხადებს გიგუაშვილი.

მისივე განმარტებით, საბანკო გარანტია უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და არა დასჯის მექანიზმს, ვინაიდან ამის გამო მეწარმეები, რომლებმაც ტენდერის პირობები ვერ შეასრულეს არათანაზომიერად დიდ ფასს იხდიან და ხშირად გაკოტრების პირას მიდიან.

"უამრავი ბიზნესმენი გაკოტრდა საბანკო გარანტიების არასწორად გამოყენების გამო. ყველაზე ნათელი მაგალითი არის შპს "თბილისერვისი", რომელმაც ერთ-ერთ კომპანიას, ტექნიკური მარილის ერთი დღით დაგვიანების გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა და ისე, რომ არავითარი ზიანი არ მიდგომია, სადაზღვევო კომპანიისგან კონტრაქტის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მრავლად არის. ამიტომ ვფიქრობ, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ერთი მხრივ, ტენდერების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხრივ, ტენდერებში მონაწილე კომპანიების არა დასჯის, არამედ მათი ხელშეწყობის და პროპორციული საჯარიმო სანქციების გამოყენებისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია ამ თვალსაზრისით სწორი სასამართლო პრაქტიკის დანერგვა, რათა ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა და თავის დაცვის საშუალება ჰქონდეს", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.