უკრაინის მთავრობამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სატვირთო ავტომობილების ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინის მთავრობამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სატვირთო ავტომობილების ტრანზიტი შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე 152 უკრაინული სატვირთო მანქანა გააჩერა.

როგორც უკაინის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა დაარღვია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები და პროცედურები და უკრაინული სატვირთო მანქანების ტრანზიტი შეაჩერა.

"ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხარისგან განმარტებას არ მოვისმენთ, უკრაინა შეწყვეტს რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილებას", - წერია უკრაინის მთავრობის განცხადებაში.

უკრაინის პრემიერის არსენი იაცენიუკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, კიევმა მოსკოვს ნოტა უკვე გაუგზავნა. ამასთან, უკრაინის მთავრობა რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები და აღადგინოს უკრაინული სატვირთო მანქანების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება.