იანვარში საქართველოში 8,9 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვიდა

მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვარის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა. 

2016 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (24.3 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.