გაფიცულებმა მაღაროს ადმინისტრაციაში საკუთარი მოთხოვნების შესახებ განცხადება შეიტანეს

ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილე მაღაროელებმა საკუთარი მოთხოვნა განცხადების სახით მაღაროს ადმინისტრაციაში შეიტანეს.

ხელფასის გაზრდასთან ერთად ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ.

"ტყიბულს აღარ აქვს მაღალმთიანი ზონის სტატუსი. ამის გამო, ხელფასებზე იანვრიდან 10%-ის ნაცვლად, 20% გვექვითება, რამაც ჩვენს შემოსავალზე იმოქმედა. ამის გამო მოვითხოვთ ხელფასების გაზრდას. ჩვენი მოთხოვნაა ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესება", - აცხადებენ მაღაროელები.

აქციის მონაწილეებს ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც სურთ.