სალომე ვარდიაშვილი "ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების" მიწვევით ბრიუსელში იმყოფებოდა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი "ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების" (NEON) მიწვევით ბრიუსელში იმყოფებოდა.

როგორც სემეკში აცხადებენ, სალომე ვარდიაშვილი გენერალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბელგიის, საფრანგეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, კატალონიისა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ენერგოომბუდსმენები, NEON-ის მოქმედი თავმჯდომარე, ბრიტანეთის ენერგოომბუდსმენი ლევის შენდ სმიტი.

სემეკის განცხადებით, სალომე ვარდიაშვილმა კოლეგებს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შექმნის ისტორია, სამსახურის კანონისმიერი ფუნქციები და უფლებამოსილებანი, მარეგულირებელ კომისიასთან თანამშრომლობის პრინციპები გააცნო.

"სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, საქმისწარმოების წესსა და სამსახურის აქტივობებზე. დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოავლინა საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის მიმართ. სალომე ვარდიაშვილმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და უცხოელ კოლეგებს სამომავლო თანამშრომლობაზე შეუთანხმდა", - აცხადებენ სემეკ-ში.

მათივე თქმით, სალომე ვარდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეგულაციების ფარგლებში მომხმარებლის კოდექსის პროექტის შემუშავებაში, რომლის იმპლემენტაცია და განხორციელების მონიტორინგი ენერგოომბუდსმენების აპარატის ვალდებულება იქნება.