სტივ ნიკანდროსი - საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება

საქართველო მომდევნო ხუთ წელიწადში გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება , - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია "ფრონტერას" აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა განაცხადა ატლანტიკის საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ენერგოსტრატეგიის თემას მიეძღვნა და რომელზეც დამოუკიდებელი მკვლევარის, არიელ კოენის კვლევა განიხილეს.

ნიკანდროსის თქმით, "ფრონტერას" მიერ აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი გაზის მარაგი იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონში ენერგორესურსების კიდევ უფრო დივერსიფიკაცია მოხდეს.

"ეს ხელს უწყობს დამატებით დივერსიფიკაციას. ის რეგიონში ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარანტიას უზრუნველყოფს, რათა მოხდეს არა მხოლოდ თურქეთის ბაზრის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების მომარაგებაც. მტკვრის აუზი გეოლოგიური პროვინციაა, რომელიც დიდი ხანია ცნობილია ჰიდროკარბონის სიმდიდრით. ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების გამოცოცხლებას მტკვრის ქვედა ნაწილში, აზერბაიჯანში და ზედა ნაწილში, აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოდან უკრაინაში გაზის ექსპორტის პროექტზეც", - აღნიშნა ნიკანდროსმა. მისივე თქმით, "ფრონტერას" აღმოჩენა რეგიონში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

თუმცა, როგორც "ფრონტერას" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, კომპანიამ საქართველოში რამდენიმე ასეულობით მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მაგრამ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის დაცვა.

"როგორ უნდა დაიცვა იგი აგრესიის შემთხვევაში, როგორიც ჩვენ ვნახეთ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ბომბები იმ ობიექტებთან ახლოს ჩამოვარდა, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში ვამუშავებთ. ეს საკითხი გვაფიქრებს, როგორც უცხოელ ინვესტორს", - განაცხადა ნიკანდროსმა ატლანტიკის საბჭოში გამართული შეხვედრის დროს. მისივე თქმით, რეგიონში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომ ბუნებრივი რესურსების განვითარება მოხდეს და გზა გაეხსნას ინვესტიციებს, რაც აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა ენერგოკომპანია "ფრონტერამ" განაცხადა, რომ კახეთის რეგიონში 5 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგი აღმოაჩინა. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად კი საქართველოს მთავრობის განცხადებით, საჭიროა დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება.

შავი ზღვის რეგიონის ენერგოსტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა ატლანტიკის საბჭოში თვის დასაწყისში გაიმართა.