"საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ში საწარმოო პროცესი მეშახტეთა გაფიცვის გამო ნაწილობრივ შეჩერებულია

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ში საწარმოო პროცესი მეშახტეთა გაფიცვის გამო ნაწილობრივ შეჩერებულია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის ადმინისტრაცია არ იყო ინფორმირებული გაფიცვის თაობაზე, სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ჩვეულ რეჟიმში და არ არსებობდა აქციის წინაპირობა.

"აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიის მხრიდან დაცულია ანაზღაურების დროულად მიღების ვადები, დაცულია სახელშეკრულებო პირობები, მეშახტეები უზრუნველყოფილნი არიან სადაზღვევო პაკეტით და კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს მეშახტეთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ობიექტური წინაპირობა არ არსებობდა და არ არსებობს, კომპანიის მენეჯმენტი აწარმოებს კომუნიკაციას აქციის მონაწილეებთან", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შპს "საქნახშირი ჯი-აი-ჯი" დაარსდა 2006 წლის აპრილში. მისი დამფუძნებელია ,,ჯი-აი-ჯი". კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები და შემდგომი გამდიდრება. დღესდღეობით საქნახშირი საქართველოში ქვანახშირის აქტივების ძირითადი მფლობელი და ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა.

კომპანიის ძირითად აქტივებს წარმოადგენს ძიძიგურის და მინდელის სახელობის მაღაროები, რომლებიც მდებარეობს ტყიბული-შაორის საბადოების ტერიტორიაზე.