ბერძენი ბიზნესმენები საქართველოში ბერძნულ-ქართული სანაოსნო-სატრანსპორტო კომპანიის დაარსებას გეგმავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ბერძნული გემთმფლობელი და სატრანსპორტო კომპანიების - LPL Shipping S.A. და Alcon Holding Inc თანამფლობელებს ჯორჯ კარასს და პანაგოს ლემოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბერძენი ბიზნესმენები საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ და 22 თებერვლამდე დარჩებიან. ისინი გეგმავენ ბერძნულ-ქართული სანაოსნო-სატრასპორტო კომპანიის დაარსებას, შესაბამისი ოფისის გახსნას და ქართულ ბაზარზე აქტიურად შემოსვლას.

მინისტრის მოადგილემ ბერძენ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე, არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. დავით ჯალაღანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის LPL Shipping S.A. ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ქართულ-ბერძნული სამეწარმეო-საინვესტიციო ურთიერთობების თვისობრივ გააქტიურებას.

ჯორჯ კარასი და პანაგოს ლემოსი შეხვედრებს ასევე გამართავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სს "საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს საპარტნიორო ფონდში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოში, ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე, ქართული პორტების მმართველ კომპანიებთან და სატრანსპორტო სააგენტოებთან.