ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდის ფარგლებში რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში გრძელდება.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, დღეს, 11.00 საათზე, პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება კახეთში, ქალაქ ახმეტაში, გამგეობის შენობის დარბაზში, ხოლო 16.00 საათზე, ლაგოდეხში, გამგეობის მცირე დარბაზში.

ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრებიან ყველა რეგიონს და დეტალურად გააცნობენ დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა დეტალს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია 31 მარტამდე.