ნოდარ ხადური: ლარი სერიოზულად გამყარდება!

მოკლე პერიოდში საქართველოს საფინანსო ბაზარზე სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წლის მეორე ნახევრიდან მეწარმეები განახლებული საგადასახადო კოდექსით იმუშავებენ, ბიუჯეტი 300-400 მილიონი ლარით შემცირდება და რაც ყველაზე მთავარია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ლარი სერიოზულად უნდა გამყარდეს. ცოტა ხანში ვნახავთ, ამჯერად მაინც თუ გამართლდება მთავრობის პროგოზი, განსაკუთრებით ლართან დაკავშირებით. მანამდე ამ ყველაფერზე "ბიზნეს-რეზონანსი" ფინანსთა მინისტრთან ინტერვიუს გთავაზობთ.

"ბიზნეს-რეზონანსი": 2016 წლის დადგომისთანავე მთავრობის მხრიდან ბიუჯეტში ცვლილებებზე გაკეთდა განცხადებები. როდის შეიკვეცება ბიუჯეტი და რამდენი მილიონი ლარით?

ნოდარ ხადური: ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით როგორი დიზაინის რეფორმაზე შევთანხმდებით. კერძოდ, ბიუჯეტში ცვლილებებს შევიტანთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება მოგების გადასახადის ახალი სახე, რაც, ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებს შეამცირებს. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ხარჯის შემცირებასაც. ზუსტად რა თანხით შეიკვეცება ბიუჯეტი, ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს აქვს გარკვეული მონახაზი, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ოფიციალურად მსჯელობას მაშინ დავიწყებთ, როდესაც პარლამენტი პირველი მოსმენით მაინც მიიღებს ამ პროექტს.

"ბ-რ": რამდენად სწრაფად ჩაივლის განხილვა-დამტკიცების პროცესი?

ნ.ხ: ვფიქრობთ, გაზაფხულზე მიღებული გვექნება ეს კანონი. მთავრობამ უკვე მოიწონა კანონპროექტი, "მაცნეს" ვებ-გვერდზეც აიტვირთა და მისი ნახვა ყველას შეუძლია. კანონპროექტის განხილვა დაიწყება საპარლამენტო კომიტეტებში, პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესმენებთან მუშაობას. ალბათ, მარტის ბოლოს უკვე გვექნება კანონი.

იცით, რომ ჩვენი წინადადებაა ცვლილებები 1-ლი ივლისიდან ამოქმედდეს. ანუ 6 თვე მოგების გადასახადი ძველ რეჟიმში იქნება, ხოლო მომდევნო 6 თვის შემდეგ ამოქმედდება განაწილებული მოგების გადასახადი. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან მეწარმეები ამ გადასახადს, თუ რაიმე ფორმით გაანაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს კანონპროექტში.

"ბ-რ": ბიზნესმენებისთვის მთავარი გზავნილი რა არის?

ნ.ხ: მთავარი არის ის, რომ ვეუბნებით ბიზნესს - დაიბეგრება მოგების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, საწარმოს შესაძლებლობებს მოაკლდება და გადაინაცვლებს კერძო პირის ჯიბეში. არ დაიბეგრება რეინვესტირება, ამ თანხის დეპოზიტებზე განთავსება და ა. შ. ვფიქრობთ, წელს, დაახლოებით, 300-400 მილიონი ლარი დარჩება ბიზნესს, ანუ ის თანხა, რომელსაც გადასახადის სახით იხდიდნენ. ეს არის ეკონომიკის განვითარებისთვის დამატებითი სტიმული.

გარდა ამისა, ბიზნესს რამდენიმე ძალიან საინტერესო და რევოლუციურ ცვლილებებს ვთავაზობთ. უპირველეს ყოვლისა, გვესმის (ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო), რომ ე. წ. ფინანსური პოლიცია ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შემოწმებისას მათ დამატებით პრობლემებს უქმნის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებას აღარ ჩაატარებს; ანუ გადამხდელთან და საგადასახადო დოკუმენტაციასთან შეხება აღარავის ექნება, გარდა შემოსავლების სამსახურისა. საგადასახადო დავის პერიოდში კი გადასახადის გადამხდელის ქონების, ანგარიშების დაყადაღება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის, როდესაც კომპანია არის დღგ-ს გადამხდელი და ახორციელებს დამატებითი საშუალებების იმპორტს. კომპანია საბაჟოზე დღგ-ს აღარ გადაიხდის და ის ჩაითვლება მომავალ გადასახდელებში, როდესაც კომპანია უკვე დაიწყებს ფუნქციობას. ჩვენ რეალურად 45 დღე ვაჩერებდით აღნიშნულ თანხას და ცვლილებების ამოქმედების შემდეგ 45 დღე ეს თანხა დარჩება ბიზნესს და ექნებათ საშუალება უფრო მალე დაიწყოს წარმოების პროცესი. ეს პაკეტი არის ძალიან საინტერესო და ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულება ხელისუფლების მხრიდან.

"ბ-რ": ყველა ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია ბიზნესმენებთან?

ნ.ხ: რა თქმა უნდა, ბიზნესთან კომუნიკაცია გვქონდა და კიდევ გვექნება. ამ პროექტს საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. რეალურად ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ შიდა ინვესტიციების განხორციელებას. ბიზნესმენები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ მოახდინონ თანხის რეინვესტირება და წარმოების გაფართოება, რათა მომავალში უფრო მეტი მოგება მიიღონ, შექმნან დამატებითი ღირებულება, ახალი სამუშაო ადგილები და უფრო მეტად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელსაც გვაძლევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

"ბ-რ": "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბიზნესის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ძალიან დიდი ხანია დგას მოგების გადასახადის დიზაინის შეცვლის საკითხი? ეს ყველაფერი აქამდე რატომ არ გაკეთდა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი ახალი კოდექსით დაგეგმილიყო და ცვლილებები აღარ გამხდარიყო საჭირო?

ნ.ხ: ჩვენ რომ მოვედით, 2 მიმართულება - ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა - რეინვესტირების შემთხვევაში გავათავისუფლეთ მოგების გადასახადისგან. ეს პროცესი არ არის მყისიერი და ძალიან ბევრი მუშაობა იყო საჭირო.

"ბ-რ": ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სანამ ლარის დევალვაცია კრიტიკულ ზღვრამდე არ მივიდა, მანამდე ვერ მიხვდა მთავრობა თუ რა გაეკეთებინა ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით. არ ფიქრობთ, რომ მთავრობამ დააგვიანა?

ნ.ხ: ამ საკითხებზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით, ვეცნობოდით ესტონურ გამოცდილებას. გვეხმარებოდნენ უცხოური ორგანიზაციებიც, მაგალითად "იუესაიდმა" დააფინანსა მაკროეკონომიკური კვლევები, რომელსაც ჩვენთან ერთად არასამთავრობო სექტორი და აკადემიური წრეები ახორციელებდნენ. ასევე გვქონდა კომუნიკაცია ესტონელ კოლეგებთან. ვფიქრობთ, საკითხი სრულყოფილად მომზადდა და ახლა არის ის დრო, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

პირველ რიგში, ჩვენს ინტერესშია, რომ არ დაგვიანდეს და ამაზე მეტყველებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ცვლილებები 1-ლი ივლისიდან ამოქმედდეს და არა მომავალი წლის იანვრიდან. მთავრობა ჩქარობს, მაგრამ ისე, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა არ დავუშვათ.

"ბ-რ": ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებებით, ბიუჯეტი დაახლოებით 300-400 მილიონი ლარით შეიკვეცება და ამის პარალელურად ხარჯი რა მიმართულებით შემცირდება?

ნ.ხ: ჩვენ გვაქვს სამი ტიპის ხარჯი: სოციალური, რომელიც არ მცირდება. უფრო მეტიც, იცით, რომ ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება და რეალურად 70-ლარიანი მატება გვაქვს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ასევე აპრილიდან გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები. არ შემცირდება კაპიტალური ხარჯები, პირიქით, საინვესტიციო სახსრების მოზიდვაზე აქტიურად ვმუშაობთ. წინა კვირას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით სერიოზულ ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან. შემცირდება ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯები.

"ბ-რ": წინა კვირას ესევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ის, რომ შეიძლება ახალი ევროობლიგაციების გამოშვება მოხდეს. წინა ხელისუფლებას ამის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ ქართულ ეკონომიკას ძვირადღირებული ვალების მომსახურების შესაძლებლობა არ აქვს. რატომ დადგა ისევ ეს საკითხი?

ნ.ხ: ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროპის საინვესტიო ბანკთან, აზიის საინვესტიციო ბანკთან, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განვითარების ბანკთან, რომლის დამფუძნებელი წევრებიც ვართ და ა. შ. ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რათა მოვიზიდოთ სახსრები, რომლებიც საკმაოდ შეღავათიანია. მაგალითად, ერთ-ერთი ორგანიზაცია გვთავაზობს 40-წლიან სესხს 0,5%-ად. პრემიერმა ბრძანა, რომ თუკი ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ევროობლიგაციების გამოშვება, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

"ბ-რ": დღეს მოსახლეობაში მთავარი კითხვა არის - რა ელის ლარს? მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ამბობდა, რომ ლარი 2,4-ის ფარგლებში იქნებოდა, დღეს 1 დოლარი ისევ 2,5 ლარი ღირს. ეს კი მოსახლეობაში უნდობლობას იწვევს როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის განცხადებების მიმართ. ახლა მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა სჭირს ლარს და არის თუ არა მასზე ბიუჯეტის ზეწოლა?

ნ.ხ: მინდა გითხრათ, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტი ზეწოლას არ ახდენს და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებსაც დეტალური ინფორმაცია აქვთ. ბიუჯეტის შემოსავლები ყოველთვიურად ვერ იქნება წლიური 1/12. საგადასახადო კალენდარი არსებობს, რომლის თანახმადაც გარკვეული ტიპის გადასახადები შემოდის მარტში, მაისში, ნოემბერში, დეკემბერში. ეს თანაბარი ვერ იქნება, სამაგიეროდ ხარჯებს - პენსიები, ხელფასები და სხვა ყოველთვე გავცემთ და ეს ხარჯი მეტ-ნაკლებად თანაბარზომიერებით გამოირჩევა. ხანდახან შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არსებობს, სწორედ ამისთვისაა ბიუჯეტი, დეფიციტის დაფინანსების სხვადასხვა წყარო, მათ შორის, შიდა რესურსი.

გაცვლითი კურსის ცვალებადობა, პრაქტიკულად, სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ხედავთ, თუ რა რთული ეკონომიკური მდგომარეობაა ჩვენ გარშემო. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ გაცვლითი კურსის ცვალებადობის წინააღმდეგ.

"ბ-რ": რას ნიშნავს საგარეო ფაქტორები... საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება შედარებით დასტაბილურდა. ფულად გამოსახულებაში იმპორტი უფრო მეტად მცირდება, ვიდრე ექსპორტი და ბოლო პერიოდში საგადასახდელო ბალანსში არც ისეთი კრიტიკული მდგომარეობაა.

ნ.ხ: დიახ, ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით მდგომარეობა შედარებით დაბალანსებულია, მაგრამ შემცირებულია გზავნილები, რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან შედარებით ნაკლები თანხა გადმოირიცხა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საექსპორტო საქონელზე შეგვიმცირდა ფასი და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

მე მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ არის მხოლოდ სიტვები, ნამდვილად ასე იქნება და ლარი აუცილებლად გამყარდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"