ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს უხსნის

ევროკავშირმა ბელორუსისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესის დაჩქარების შესახებ განაცხადა, მანამდე კი ქვეყნის პრეზიდენტისა და 169 პირისთვის სანქციების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ ბელორუსთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს. ამის შესახებ ნათქვამია მინისტრების სხდომის ოქმში.

"ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბელორუსთან ადამიანური კონტაქტების გაფართოებას, ასევე ელოდება მოლაპარაკებების სწრაფად დასრულებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას", - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, "ბი-ბი-სი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირი აღარ გააგრძელებს ეკონომიკურ სანქციებს ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 169 მაღალჩინოსნისადმი. ლუკაშენკოს სავიზო აკრძალვაც მოეხსნა და აღარც აქტივებს გაუყინავენ.

ამის მიუხედავად, ევროკავშირი კვლავაც ძალაში ტოვებს შეიარაღებაზე ემბარგოსა და სანქციებს ოთხი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის მიმართ.

ბელორუსს სანქციები დღეიდან მოეხსნება.