ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტიდან 2 392 108 ლარით დაფინანსდება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის 2 392 108 ლარი გამოიყო.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აღნიშნული თანხა 6 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

"ინფრასტრუქტურული ცვლილებები დაგეგმილია როგორც ქალაქ ბორჯომში, ასევე დაბა ბაკურიანსა და სოფელ კორტანეთში", - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტების მიხედვით ქალაქ ბორჯომში განხორციელდება შიდა ქუჩებისა და ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, განახლდება ასევე მ. კოსტავას სახელობის სკვერი. დაბა ბაკურიანში კი მოხდება მთის ქუჩის დასახლებისა და იაგორას ველის მიმდებარე ტერიტორიის კანალიზაციის ქსელის მოწყობა. საავტომობილო გზები მოასფალტდება როგორც ბაკურიანში, ასევე სოფელ კორტანეთში.

გამგებლის განმარტებით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხისათვის 125 903 ლარის დამატებას გულისხმობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იგეგმება.