უზრუნველი სიბერე: ქართული ოცნება თუ რეალობა?

თუკი დასავლეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ეწვევით, ერთი რამ, რაც თვალში გეცემათ, არის თვალსაჩინო სიღარიბის საშუალო ასაკი. აქ უფრო ხშირად წააწყდებით ქუჩაში დახმარების თხოვნით ხელგაწვდილ მოხუცებს და ღარიბულად ჩაცმულ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე იაფი პროდუქტების მომხმარებლები არიან.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქართველ ხანშიშესულთა უმრავლესობისათვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო პენსია, რომელიც იმდენად დაბალია, რომ ძლივს ახერხებს საზოგადოების ამ ნაწილის სიღარიბისაგან დაცვას. მიუხედავად ასაკოვანთა სახელმწიფო დახმარების სიმცირისა, ეს თანხა მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ მოხუცების, არამედ მათი ოჯახების უკიდურესი სიღარიბისაგან დაცვაშიც. 2014 წელს პენსიები ქართული ოჯახების 30%-ისთვის წარმოადგენდა შემოსავლის მთავარ წყაროს.

პენსიების სიმცირის მიუხედავად, ფისკალური თვალსაზრისით, უპირველეს საზრუნავს წარმოადგენს დახმარების თუნდაც არსებულ დონეზე შენარჩუნების უზრუნველყოფა უახლოეს მომავალში. მეორე საკითხია, როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ ქართველი პენსიონერები იღებდნენ არამარტო საარსებო მინიმუმს, არამედ ღირსეულ პენსიას.

არის თუ არა არსებული საპენსიო სისტემა სიცოცხლისუნარიანი?

ამჟამად საქართველოს აქვს სოლიდარული საპენსიო სისტემა (ე.წ. pay-as-you-go), რომლის მიხედვითაც პენსიები იხდება ახლანდელი გადასახადის გადამხდელებისგან შემოსული საბიუჯეტო შემოსავლებიდან. იმისათვის, რომ სქემამ იმუშაოს საპენსიო გასაცემლების შემცირების გარეშე, აუცილებელია, რომ დასაბეგრი შემოსავალი გაიზარდოს მინიმუმ იმდენჯერ, რამდენჯერაც გაიზრდება პენსიონერთა რაოდენობა. დასაბეგრი შემოსავალი კი, თავის მხრივ, გახლავთ დასაქმებულ ადამიანთა ნამრავლი მათ ხელფასებზე.

აქამდე ეს არ ყოფილა პრობლემა. პენსიონერების რიცხვი იზრდებოდა წელიწადში დაახლოებით 1%-ით და საგადასახადო შემოსავალი საკმარისი იყო პენსიების რეალური (ინფლაციის მიღმა) ზრდის უზრუნველსაყოფადაც კი. სამომავლოდ, სისტემა იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუკი ეკონომიკის რეალური ზრდა გადააჭარბებს პენსიონერთა რაოდენობის ზრდას.

არსებობიდან ღირსეულ სიბერემდე

2013 წელს პენსიამ საქართველოში საბოლოოდ გადალახა ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის ნიშნული. მიუხედავად ამისა, რეალურად პენსიები კვლავაც მცირეა და საშუალოთვიური ხელფასების 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს, რა თქმა უნდა, შორსაა ღირსეული პენსიისგან, რომლადაც, როგორც წესი, ქვეყანაში საშუალოთვიური ხელფასის 50% მიიჩნევა.

გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ახლო მომავალში საპენსიო გასაცემლებში დიდი ცვლილება შესაძლებელია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ „საშუალო ხელფასს“, რომელსაც გრაფიკზე ვხედავთ, მოსახლეობის მხოლოდ იღბლიანი, დაქირავებით დასაქმებული 16% იღებს. საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ხომ დაბალშემოსავლიანი თვითდასაქმებულები და უმუშევრები წარმოადგენენ.

მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, არსებული სისტემა კიდევ უფრო იტვირთება. მაგალითად, 2014 წელს საქართველოში 5 დასაქმებულზე2 2 პენსიონერი მოდიოდა, ერთ დაქირავებით დასაქმებულზე – დაახლოებით ერთი პენსიონერი. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, აუცილებელი გახდება საპენსიო გასაცემლების უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაცემა, რაც უფრო და უფრო მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.

აღნიშნული პრობლემას მხოლოდ საქართველოსთვის არ წარმოადგენს. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, პრობლემა მწვავედ დგას. აშშ-ში სახელმწიფო პენსია გაიცემა 62 წლიდან, თუმცა ეს არის მხოლოდ დანამატი და არ წარმოადგენს ხანშიშესულთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს. არსებობს მოლოდინი, რომ ადამიანები თავადაც დაზოგავენ საკუთარი მიმდინარე შემოსავლიდან, პენსიაზე გასვლის შემდეგ ღირსეული ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნების მიზნით. სწორედ ამიტომ ბევრმა ქვეყანამ, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, დანერგა საპენსიო დანაზოგების სქემები. პრობლემის მსგავსი გადაწყვეტა შესთავაზა საქართველოს მსოფლიო ბანკმა 2014 წელს პუბლიკაციაში: „საქართველოს საჯარო დანახარჯების მიმოხილვა: სტრატეგიული საკითხები და რეფორმების დღის წესრიგი“.

იხილეთ გაგრძელება