დავით ნარმანიამ წყნეთში საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

წყნეთში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ წყნეთში საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

ნარმანიასთან ერთად, წყნეთში ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, წყნეთში პედაგოგთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. 5 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობისას პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის მოწყობა.

დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის დროს ტერიტორიაზე არსებული სახლები დაზიანდა. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს საყრდენი კედლების აშენება, რათა შემდგომში სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს საცხოვრებელ სახლებს ზიანი არ მიადგეს.

"ამ პროექტის განხორციელების შედეგად რამდენიმე სახლი გადარჩა. აღნიშნული პროექტი უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანია. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პროექტი დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დავასრულოთ და ამით ის რამდენიმე სახლი გადავარჩინოთ, რომელიც ამ ტერიტორიაზე დგას",- განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია "ინსი" ახორციელებს. საყრდენი კედლის მშენებლობაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.