რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების მოცულობის გაყინვაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და ოპეკ-ის ქვეყნები - საუდის არაბეთი, ვენესუელა და ყატარი შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობას არ გაზრდიან და 11 იანვრის დონეზე გაყინავენ.

"ბლუმბერგის" ცნობით, ოთხი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა შესაბამის შეთანხმებას ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწია.

მხარეთა განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნავთობის ფასის შემცირების შეჩერებისკენ არის მიმართული.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, საუდის არაბეთი იანვარში ყოველდღიურად 10,2 მილიონ ბარელ ნავთობს, რუსეთი კი 9 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი 2,4%-ით გაიზარდა და ბარელზე 34,20 დოლარი შეადგინა.