საჯარო რეესტრში პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციით მისი საგადასახადო რეგისტრაციაც განხორციელდება

პოლიტიკური პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მის საგადასახადო რეგისტრაციასაც მოიცავს. ამასთან, პარტიების მიერ რეგისტრირებული ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას არ მიეკუთვნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.

ამავე ცვლილებებით განისაზღვრება პოლიტიკური გაერთიანების ვალდებულება, როგორც წესდების, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა მონაცემების შეცვლის შესახებ 10 დღის ვადაში საჯარო რეესტრს შეატყობინოს და მას შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს.

ცვლილებების რეგისტრაციის საფუძველი ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება. ყრილობას დაესწრება და მის ოქმს დაამოწმებს ნოტარიუსი.