საგარეო უწყება – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული რუკა არა ორგანიზაციის, არამედ კერძო პირის პოზიციას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი.

როგორც საგარეო უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, სამინისტრო აღნიშნულის თაობაზე დაუკავშირდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ სტატია დაწერილია დამოუკიდებელი პირის მიერ, ის არ არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანამშრომელი ან მათ მიერ დაქირავებული პირი და სტატიაში გამოყენებული რუკა მხოლოდ ავტორის მოსაზრებას გამოხატავს.

"ეს სტატია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამოუკიდებელ ბლოგზეა განთავსებული, რომელიც, ემსახურება გლობალურ საკითხებსა და პრობლემებზე დებატების წარმართვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლების განცხადებით, მოცემული სტატია და მასში გამოყენებული მასალები არანაირად არ გამოხატავს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას და აღნიშნავს მხოლოდ ფორუმის მომხმარებლის კერძო დამოკიდებულებას", - განმარტავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი.

"ეს რუკა შემთხვევით ვნახე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" საიტზე და ბევრგან სხვაგანაც დევს. 2015 წლის მსოფლიო მოსახლეობის კარტოგრამაა. მართლაც კარგი, ინფორმატიული რუკაა, სერიოზული კომპანიის შექმნილი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს (მე არ გამიგია ). ძალიან ცუდი, თუ არ იცის და კიდევ უფრო ცუდი, თუ იცის და არაფერს აკეთებს", - აცხადებს გიგი წერეთელი.