სულხან ღლონტი - მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება ხელისუფლების პოლიტიკური დასასრული იქნება

მიწის რეგისტაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი - ამაზე სრულიად საქართველო თანხმდება, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობისგან განსხვავებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი ძალაში მალევე უნდა შევიდეს.

მთავრობის მიერ ინიცირებულია ცვლილებები "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

წარმოდგენილ ინიციატივას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. მათი თქმით, ის კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა "თავისუფალი დემოკრატები". პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი დილეტანტის მიერ არის დაწერილი, სრული სიბრიყვეა და ხელისუფლება მას ვერ მიიღებს.

ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივაც შესთავაზონ. აღნიშნულ საკითხზე "ინტერპრესნიუსი" პარტიის გამგეობის წევრ, სულხან ღლონტს ესაუბრა.

- სახელმწიფო მიწების რეგისტრაციას იწყებს. როგორ აფასებთ მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას. უნდა გატარდეს თუ არა მიწების რეფორმა და რას იტყვით კანონპროექტზე, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს რეფორმა გასატარებელია, ეს უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას მოსვლის დღიდანვე. აქვე გეტყვით, რომ მიწების რეგისტრაციის პროცესი ორჯერ დაიწყო, ჯერ შევარდანიძის დროს, ხოლო შემდეგ სააკაშვილის პერიოდში, თუმცა რეფორმა ორივეჯერ ჩავარდა - პირველად სერიოზული კორუფციის გამო და მეორედ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროქტს, ხელისუფლებას შევახსენებ, რომ არსებობს მოქალაქეების რამდენიმე კატეგორია ამ ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში 650 ათასი მოქალაქეა, რომელსაც აქვს მიწა, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ამ მოქალაქეების მხოლოდ 30%-ს აქვს საბუთები სრულ წესრიგში, დანარჩენ 70%-ს დოკუმენტი ან საერთოდ არ გააჩნია ან აქვს მისი მხოლოდ ნაწილი. ამ კანონის მეთერთმეტე პრიმა მუხლით ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ის მიწა, რომელზეც საჯარო რეესტრის რეგისტრაცია მოქალაქეზე არ დასტურდება, ავტომატურად გადადის ხელისუფლების განკარგულებაში – ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მიწის ფონდის 80% მიაქვს ხელისუფლებას. კანონპროექტში ასევე წერია, რომ ხელისუფლებას აქვს კეთილი ნება იმისა, რომ თუკი მოქალაქე წარადგენს ქონების დამადასტურებელ დოკუმენტს, მიიღოს ის, ცნოს და დაარეგისტრიროს.

ხელისუფლება რამდენიმე შეცდომას უშვებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლების მიერ ხდება მიწების მიტაცება და შემდეგ მისი მოდავე მხარედ წარმოჩენა. ასევე, როგორც უკვე ვთქვით, არის მოსახლეობის 70%, რომელსაც დოკუმენტაცია არ გააჩნია, საბუთების ნაწილი რომც გააჩნდეს, მიწას ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაირეგისტრირებს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ხარჯები სახელმწიფოს თავის თავზე უნდა აეღო. ვინაიდან სწორედ სახელმწიფოს ინტერესებში შედის ფლობდეს სრულ ინფორმაციას საკუთარ მიწებთან დაკავშირებით, მან უნდა იცოდეს, რამდენი არის კერძო საკუთრებაში და რამდენი არის თავისუფალი, რომ შემდეგ პრივატიზაციის მიზნით შესთავაზოს ინვესტორს, რათა მისი ეფექტური განკარგვა მოახდინოს. კანონში წერია ასევე, რომ ეს ნაბიჯები მიწის ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით არის გადადგმული. კიდევ ერთი შეცდომა სწორედ აქ არის, ვინაიდან განმარტებით ბარათში წერია, რომ ხელისუფლება მიწას ერთი წლის განმავლობაში ხელს არ მოკიდებს ანუ გამოდის, რომ ერთი წელი ბიზნესს ვერაფერს სთავაზობ, ვინაიდან სადავო მიწაზე ფულს არავინ ჩადებს.

- თუმცა ხელისუფლება არ ამბობს და კანონპროექტშიც არ წერია, რომ ხვალვე გეგმავს ინვესტორებს მიწები შესთავაზოს...

- გასაგებია, მაგრამ ამით ისინი უფრო მძიმე პერსპეტივის წინაშე დგებიან. მინდა მოსახლეობაზე გავამახვილო ყურადღება. არსებობს რამდენიმე კატეგორია: პირველ კატეგორიაში შედიან ადამიანები, რომლებიც პრობლემას ფინანსური გარემოებების გამო ვერ აგვარებენ, მეორე კატეგორიაში კი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სადავო დოკუმენტაცია. ასევე არსებობს კატეგორია, რომელიც ედავება სახელმწიფოს ან კატეგორია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მიწები და საბუთები არ გააჩნია. გარდა ამისა, კიდევ ერთ კატეგორიას განეკუთვნებიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულ მიწაზე ერთმანეთს ედავებიან, ვინაიდან ჰყავდათ ერთი წინაპარი...

- თუმცა სახელმწიფო მოქალაქეებს დოკუმენტაციის მოძიებასა და შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს...

- მესმის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს მიდგომა არის ფრაგმენტული სახელმწიფოს მხრიდან. პრობლემას სისტემური და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ეს საკითხი ასე მარტივი არ არის, კანონპროექტი მიიღონ და მერე დაეხმარონ მოსახლეობას. საჭიროა წინასწარ კარგად შემუშავებული გეგმა და შემდეგ იმის მიხედვით მოქმედება.

- თქვენ რას სთავაზობთ? როგორ უნდა განხორციელდეს პროცესი? თუ გაქვთ ალტენრატიული წინადადება?

- პირველ რიგში უნდა შეჩერდეს კანონი, რომლითაც ხელისუფლებას მიაქვს მიწების 80 %. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ საუბარი მიწების რეფორმაზე, კომპლექსურად. მოსახლეობა უნდა დაიყოს კატეგორიებად და მიდგომა ყველასთან უნდა იყოს ინდივიდუალური. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს საკითხის დეცენტრალიზაცია. ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ივლიან და ჩაატარებენ აღწერას. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რეალურად, ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულის განხორციელების რესურსი არ გააჩნია.

- და მაშინ ეს ვინ უნდა განახორციელოს?!

- ეს უნდა გააკეთონ მუნიციპალიტეტებმა. რეფორმის განხორციელებამდე ხელისუფლებას შეეძლო მსოფლიო ბანკის მოდელის გათვალისწინება. იქ საუბარია, რომ პირველ რიგში უნდა გატარდეს მიწის რეფორმა, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს საკითხის დეცენტრალიზაცია, ანუ რეფორმის პროცესი უნდა განეხორციელებინა ადგილობრივ თვითმმართველობას. ქობულეთის გამგეობამ ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემები აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ეკონომიკის მინისტრმა ან რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არ იცის, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა პრობლემები შეიძლება იყოს რაიონში, ან რომელიმე სოფელში. ასევე საკითხში აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. დიახ, ვადასტურებთ, რომ ასეა, ვინაიდან მათ რომ მოქალაქეებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია, კარგად ეცოდინებოდათ, რომ თავისუფალი მიწის არსებობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მიიტაცოს. საქართველოში არსებობს რაიონები, სადაც მოსახლეობას დოკუმენტაცია არ გააჩნია, მაგალითად ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონები.

- ანუ მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი?

- დიახ, პრაქტიკულად არ არსებობს სრულყოფილი დოკუმენტაცია. მოქალაქეებმა მოიკითხეს საარქივო მასალა და მათმა უმრავლესობამ ეს დოკუმენტაცია ვერ აღმოაჩინა. ხაზგასასმელია კიდევ ერთი პუნქტი კანონპროექტში - ე.წ. წითელი ხაზები. ანუ მიწები, რომლების რეესტრში არ ჩანს, ყველა ეკუთვნის ხელისუფლებას. კონკრეტული კითხვა მაქვს, თუკი წითელი ხაზების დამთხვევა ხდება, ანუ არსებობს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა არ ჩანს რეესტრში, რა ხდება ამ დროს? ეს მიწებიც ხელისუფლებას მიაქვს ანუ გამოდის, რომ ხდება მიწების ტოტალური ჩამორთმევა. ჩემი აზრით, ეს არის დილეტანტი სპეციალისტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელმაც უბრალოდ არ იცის რა ტიპის პრობლემას შეეჭიდა. მან უბრალოდ მოამზადა კანონი, რომელიც გამოაგზავნეს პარლამენტში.

- ფინანსებზე ისაუბრეთ და განაცხადეთ, რომ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს მიწების რეგისტრაციის ფული. უკვე შევთანხმდით, რომ სუბსიდირება კარგი გამოსავალი არ არის, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო?

- მიწების დარეგისტრირება სახელმწიფოს მიერ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მოქალაქეები ვერ ირეგისტრირებენ მიწებს, უსახსრობის გამო, გამოდის, რომ სახელმწიფოს აქედან შემოსავალი არ აქვს. სწორედ აქ არის გამოსავალი, რომ პროცესი არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდეს და მას შემდეგ დაიწყოს, რაც მოსახლეობა სეგმენტებად დაიყოფა. შესაძლებელია, რომ მიწების რეგისტრაცია იყოს სრულიად უფასო, ან დაწესდეს შეღავათები.

- ანუ თქვენი შეთავაზებაა, რომ რეგისტრაციის თანხა სახელმწიფომ გადაიხადოს...

- დიახ, ვინაიდან, მიწებთან დაკავშირებით, რეალური სურათის შექმნა სწორედ მის ინტერესში შედის.

- სახელმწიფო თანხების გადახდას არ გეგმავს და არც მომსახურეობის გამარტივება, ან მასზე ფასის შემცირებაა დაგეგმილი. სავარაუდოდ, პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს...

- ეს კანონპროექტი ძალაში ვერ შევა, ვინაიდან ამას ძალიან დიდი პროტესტი მოყვება. ეს იქნება მკვდარი კანონპროექტი. როცა სამინისტრო მივა ადამიანთან და ეტყვის, რომ მამაპაპისეული მიწა დღეიდან მისი აღარ არის, ამას სერიოზული პროტესტი მოყვება, მთელ საქართველოში. ეს პროცესი შეეხება ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს. ნებისმიერი გლეხი იქნება მოტივირებული დაიცვას თავისი საკუთრება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დოკუმენტი. თუ ეს კანონი ამ ფორმით ამოქმედდება, ეს იქნება მოსახლეობის გაკულაკება.

- ხომ არ გეგმავთ, რომ ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზოთ პარლამენტს?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინიცირებული კანონპროექტი არის დილეტანტის მიერ მომზადებული და გადასაგდებია. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენი მეშვეობით ვსაუბრობთ, გავმართეთ ბრიფინგი, ანუ ეს ნიშნავს, რომ შეთავაზებას უკვე ვაკეთებთ. იმედია ხელისუფლება მიხვდება რაზე ვსაუბრობთ, გული მტკივა ამას რომ ვამბობ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ ესმით რასთან აქვთ საქმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ რიგში უნდა აღირიცხოს მოსახლეობა, თუ რა რაოდენობას აქვს პრობლემები ფინანსური, წითელი ხაზების თუ დოკუმენტაცის არარსებობის გამო და ა.შ. პრობლემები უნდა გამოიყოს ცალ-ცალკე და მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები უნდა გახდეს პრიორიტეტი. უნდა განხორციელდეს საკითხის დეცენტრალიზაცია, ვინაიდან გურიამ იცის საკუთარი პრობლემები, ისე როგორც აჭარამ, სამეგრელომ და ყველა რეგიონმა. ზოგადად მგონია, რომ ამ კანონპროექტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან იმის გარეშე, რაც მე ჩამოვთვალე, ამ საკითხის მოგვარება ძალიან რთულია. არ გამოვრიცხავ საკანონმდებლო ინიციატივაც მოვამზადოთ და პარლამენტს წარვუდგინოთ. არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ კანონი მიიღონ, თუმცა ეს მათი სრული პოლიტიკური დასასრული იქნება.

ინგა მურუსიძე

"ინტერპრესნიუსი"