პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ბიზნესასოციაციას პრემიერისთვის მომზადებული აქვს მნიშვნელოვანი თემები და საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს და დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენები გეგმავენ, რომ ეს საკითხები დააყენონ და პრემიერ-მინისტრის მოსაზრება გაიგონ.

"გვინდა გავიგოთ მისი მოსაზრება ძალიან ბევრ თემასა და საკითხზე, რომელზეც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და რევოლუციური ინიციატივები წარმოადგინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი თემა, ეს არის მოგების გადასახადის გაუქმების საკითხი, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხებზე, რისკებზე, გამოწვევებზე ვისაუბროთ პრემიერთან, რაც მნიშვნელოვანი თემების იმპლემენტაციას უკავშირდება", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული იმ საკითხების განხორციელებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა და გიორგი ჭირაქაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ჩვენ ვიცით, რომ წლევანდელი წელი საარჩევნოა, რთულია. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა დაარწმუნოს ბიზნესმენები, რომ მიუხედავად საარჩევნო პერიოდისა, ეკონომიკა და ბიზნესი, დასაქმება იქნება პრიორიტეტი", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" ამ წუთებში იწყება.