კახა კალაძე "ფრონტერას" სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია "ფრონტერას" მიმართვას მიმართვით პასუხობს და კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების თავიდან არიდების მცდელობაში ადანაშაულებს.

"ფრონტერასადმი" კალაძის მიმართვას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ მიმართვაში კალაძე აცხადებს. კომპანიის ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ).

"გაკვირვება უნდა გამოვთქვა იმ მცდელობაზე და ბუნდოვან მიზანზე, რასაც ისახავდა ჩემდამი მომართული ღია წერილი, კერძოდ კი ფაქტების ინსინუაციის გზით შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მე რაიმე სახით ვზღუდავთ კერძო კომპანიას. წერილის თითოეულ აბზაცში ფაქტების დამახინჯებით ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ჩემი კომენტარი მიმართულია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის საპირისპიროდ, მაშინ როდესაც ამ ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში საკმაოდ მკაფიოდ არის აღნიშნული "აღმოჩენის" პირობითობა. თქვენ კი ბატონებო, არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა, მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ", - მიმართავს კალაძე კომპანიას.

მისივე თქმით, "ფრონტერას" არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ და მეტიც, "თითოეული ბარელი ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს აღნიშნული კომპანია, მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა "ფრონტერას" სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია".

"თქვენი განცხადებების ფონზე განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას, თქვენი ამ ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ). ხასგასმით ავღნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს", - აღნიშნავს კალაძე "ფრონტერასადმი" მიმართვაში.

კომპანია "ფრონტერამ" კალაძეს გუშინ ღია წერილით მიმართა და მისი განცხადებები გააკრიტიკა.

"ნებით თუ უნებლიედ, თქვენმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ეჭვი და გაურკვევლობა გამოიწვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი სიცხადეს შემოიტანს. საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებას დიდი მომავალი აქვს და ამ ფაქტის დაკნინება მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს", - ნათქვამი იყო კომპანიის გუშინდელ მიმართვაში.