დავით საგანელიძე - ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება

ფარმაცევტულმა კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიამ" წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. "საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მომხმარებელს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30%-ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები სხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც მომარაგდება. ეს ქსელებია: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC.

ამ საკითხთან დაკავშირებით, "ჰუმანითი ჯორჯიასა" და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში" შედგა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

როგორც "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე "ჰუმანითი ჯორჯიასა" და "საპარტნიორო ფონდის" მიერ ერთობლივად ხორციელდება.

"პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება. აღნიშნულ პროექტში "საპარტნიორო ფონდის" ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება სულ მცირე 30%-ით დაბალი ფასებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების ხარჯებსაც. აღნიშნული მიზნით "საპარტნიორო ფონდმა" მთავრობის თანხმობით "ჰუმანითი ჯორჯიას" მიზნობრივი სესხი გამოუყო. ასევე, სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით შედის ქარხნის მშენებლობის კაპიტალში საპარტნიორო ფონდი.

ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც. რაც შეეხება "ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარისხს, ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს და საქართველოს სააფთიაქო დახლებზე სერთიფიკატისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერც ერთი მედიკამენტი ვერ მოხვდება. მე ვამაყობ, რომ "ჰუმანითი ჯორჯია" ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდება. ის გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმვას, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული ბიზნესი, მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი და საინვესტიციო პირობები", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული აქტივები ხელს შეუწყობს ოლიგოპოლიური ბაზრის დივერსიფიცირებას.

როგორც საგანელიძემ აღნიშნა, მიზანია ბაზარზე ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მოთამაშეების შემოსვლას და ფარმაცევტული ბაზრის გაჯერებას, რაც აისახება წამლის ფასებზე და გააიაფებს ჯანდაცვის მომსახურებას.

"რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება წამლის ხარისხის შემცირების ხარჯზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ამ სფეროში დამატებით დაინტერესებული პირები მოვიწვიოთ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

როგორც "საპარტნიორო ფონდში" აცხადებენ, ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას მიესალმებიან.

"ისინი აცხადებენ, რომ კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა და ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენა დარგის განვითარებასა და წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, თუკი ფარმაცევტული კომპანიების დახლებზე არსებულ მედიკამენტებს საფასო პოლიტიკით "ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი პრეპარატები დიდ კონკურენციას გაუწევს, ფასების კორექტირება სხვა მომწოდებლებსაც მოუწევთ. რაც შეეხება "ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი პრეპარატების ხარისხს, ფარმაცევტული კომანიების ხელმძღვანელების თქმით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ენდობიან, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული წამლის ხარისხზე აგებს პასუხს.

"ჰუმანითი ჯორჯიას" ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

"ჰუმანითი ჯორჯია", ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია", - ნათქვამია "საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციაში.