გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.

როგორც კვირიკაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა შეხვედრა, სადაც გამოთქმული იყო რამდენიმე ინიციატივა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ინიციატივის გამოთქმიდან რამდენიმე თვეში მთავრობა გადავიდა საქმის კეთებაზე და მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ბლოკი, რომელიც გადაგზავნილია პარლამენტში და რომელიც საგადასახადო რეფორმას ეხება.

"მე მიხარია, რომ ამ საკითხზე მთავრობაში აბსოლუტური კონსენსუსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას და ჩვენ ამ მომზადებული წინადადებითაც სულ ცოტა ხანში მივმართავთ პარლამენტს. საკითხი ეხება მოგების გადასახადის გაუქმებას, ანუ ესტონური მოდელის დანერგვას, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაბრუნებული რესურსი, მოგება არ დაიბეგრება და ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას. მეორე მხრივ კი, იმ ეკონომიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს გარშემო და არა მხოლოდ გარშემო, არ არის მთლად დინამიური განვითარება.

"ჩვენთვის ეს იქნება ცვლილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან დადებითად გავიტანოთ ეს რეფორმა იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს ითვალისწინებს. მათ შორის, ეს არის ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში აღარ მოხდება ანგარიშების დაყადაღება და განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ასევე ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დღგ-ს გადახდა აღარ იქნება სავალდებულო და საგადასახადო შემოწმებებში მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფინანსური პოლიცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ის მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებული იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, ისევე როგორც რეალურად რეგლამენტით არის გაწერილი.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფაქტობრივად, თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში და ჩვენ აქ იმიტომ არ ვართ მოსული, რომ მხოლოდ ქება მოვისმინოთ. პირიქით, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ის, თუ რა არის სხვა გასაკეთებელი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესში ჩართულ ყველა სუბიექტს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნესასოციაციის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სასტუმრო "რედიოსნში" მიმდინარეობს. მას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრება.