ვერა ქობალია ინდონეზიის მთავრობის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია რეფორმების დარგში ინდონეზიის მთავრობის მრჩევლად დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ვერა ქართველების იმ გრძელ სიას შეუერთდა, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები იწვევენ. დღესდღეობით ისინი რეფორმებს ახორციელებენ ალბანეთის საბაჟო სამსახურში, კონსულტაციას უწევენ უნგრეთის ხელისუფლებასა და აფრიკის ქვეყნებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვერა ქობალია ინდონეზიაში ავსტრალიის მთავრობამ მიიწვია.

ვერა ქობალია საქართველოში 2010 წლის თებერვალში კანადაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ დაბრუნდა. ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერა ქობალიამ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა.

2012 წელს "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" ვერა ქობალია წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა.