გიორგი კვირიკაშვილი - კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების მეორე ბლოკი მმართველობით რეფორმას მოიცავს.

მისივე თქმით, იმის მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთი ფანჯრის პრინციპით არა მხოლოდ ფიზიკური პირების მომსახურება, ეს დღეს უკვე გვაქვს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში, იუსტიციის სახლებში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე იურიდიული პირებისთვისაც, კომპანიებისთვისაც ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება.

"იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვისაც ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა სერვისის მიწოდება იმისთვის, რომ სამინისტროებში აღარ იარონ ბიზნესებმა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მთელი ფრონტ-ოფისი ერთ ოფისში უნდა იყოს განთავსებული.

როგორც პრემიერმა განმარტა, ფიზიკური სივრცის გარდა, ციფრული სივრცეც იგულისხმა.

"ფიზიკური სივრცის გარდა მე ციფრულ სივრცესაც ვგულისხმობ იმისთვის, რომ ყველა სერვისი უკვე თანდათანობით ციფრულ სივრცეში იქნას მისაწვდომი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.