თბილისში 10 საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, წელს 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება გუთნის ქუჩაზე, ქვემო ფონიჭალაში, ჩიტაიას ქუჩაზე, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თემქაზე, სოფელ წინუბანსა და სოფელ დიღომში.

წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია აღნიშნული ბაღების მთლიანი ღირებულების ნაწილის ანაზღაურება.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარში მოსკოვის გამზირზე უკვე გაიხსნა ერთი ახალი ბაღი, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 500-მა ბავშვმა დაიწყო.

რაც შეეხება ბაღებს, რომელთა გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება, ესენია მანჯგალაძის, კრწანისის, მიტინგის, ონაშვილის, ბოჭორიშვილის ქუჩებზე, ასევე ფონიჭალაში მდებარე ბაღები. აღნიშნული ბაღების ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მათი ინვენტარიზაციისა და აღჭურვის პროცესი.

ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.