სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა დაავადებების კონტროლის საკითხი განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 22-ე შეხვედრა გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა და მასში სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მეცხოველეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020, ასევე, სამოქმედო გეგმის ამოცანები, მიზნები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრაზე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და ცხოველთა ჯანმრთელობის, დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის, ვეტერინარიის ხელშეწყობის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის წევრების მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.