თებერვალში ნავთობის ფასი კვლავ დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს

”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, თებერვლის თვეში ნავთობის ფასი კვლავ დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს.

მათივე ინფორმაციით, 15 თებერვლის მდგომარეობით, ლონდონის ბირჟაზე (IСE Futures Europe)  "ბრენტის" მარკის  ნავთობის ფასმა ბარელზე 33,99 დოლარი შეადგინა. ხოლო ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) – მსუბუქი ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 29,76 დოლარი შეადგინა.

”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მიმდინარე დაბალი საერთაშორისო ფასები სხვადასხვა გარემოებებით არის განპირობებული.

”მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად და უცვლელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა. მნიშვნელოვანია ოპეკის ბოლო პერიოდის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების ოდენობის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ასევე ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე”, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, იანვრის თვეში მსოფლიო ბაზარზე ირანიდან ნავთობის ექსპორტმა დღეში 1,3 მილიონი ბარელი შეადგინა და მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზრდა იგეგმება; მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება, შესაბამისად, იანვრის თვეში დაფიქსირდა ჩინეთის მხრიდან ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება. ცნობისათვის, ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის მოხმარების მხრივ მეორე ადგილზეა.

ამავე ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასების შემცირება კვლავ გაგრძელდა. მთლიანობაში, იანვრის თვიდან დაწყებული ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი ლიტრზე, საშუალოდ, 15-20 თეთრით არის შემცირებული; პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - საშუალოდ, 13-21 თეთრით/ლიტრზე, ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ, 15-33 თეთრით/ლიტრზე.

”აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ვალუტა - ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,4921 ერთეულს. შესაბამისად, ვერ მოხდა საწვავზე ფასის უფრო მეტად შემცირება”, - განმარტავს ”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,  დღეისათვის საქართველოში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ასე გამოიყურება: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,69-1,85 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59-1,70 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,39-1,59 ლარი; დიზელი-62 -1,37-1,49 ლარი; ევროდიზელი - 1,39-1,65 ლარი.