"თიბისი ბანკი" სასტუმროებს ონლაინ გადახდების სისტემას სთავაზობს

"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედი სასტუმროები (ბრენდირებული და საოჯახო სასტუმროების გარდა) საკუთარი მომხმარებლისთვის ვებ-გვერდის, ონლაინ დაჯავშნისა და ონლაინ გადახდის სერვისის შეთავაზებას შეძლებენ.

როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, სასტუმროები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, მზა ონლაინ ვებ-გვერდით ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი და უცხოელი ტურისტები სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მიღებას, ოთახის დაჯავშნასა და საფასურის გადახდას უკვე ონლაინ, კონკრეტული სასტუმროს ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის ბარათით შეეძლება, ონლაინ გადახდების სისტემას "თიბისი ბანკი" უზრუნველყოფს.

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და ის მიზნად ისახავს, ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს კომპანია "პროსერვისი" "თიბისი ბანკისა" და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

ახალი ონლაინპროგრამის - "სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" ინტეგრაცია უკვე დაწყებულია და ის ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, "პროსერვისის" ტექნოლოგიების ექსპერტები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებს უსასყიდლოდ ჩაატარებენ.