"მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

"მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების" საკითხებზე დღეს შეხვედრა გაიმართა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან ერთად "მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების" საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

"ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის პრინციპები და სეპარირება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები განიხილეს. იმსჯელეს ქვეყანაში მყარი ნარჩენების გადამუშავების პრობლემებზე და სამომავლო პერსპექტივებზე", - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, ევროკავშირის, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) , EBRD-ის , SIDA-ს , USAID -ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.