კობა გვენეტაძე - ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის მაღალი ცოდნა და განათლება

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაზრდას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს.

როგორც კობა გვენეტაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეროვნული ბანკი დღესდღეობით უკვე მუშაობს ამ საკითხებზე და შექმნილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერ კიდევ არ არის მაღალი ცოდნა და განათლება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

"როგორც გარკვეული სტატისტიკიდან ჩანს, მიუხედავად იმ ჩარჩოსი, რომელიც არსებობს, მაინც არის შემთხვევები, როდესაც მსესხებელი, რომელსაც სჭირდება ფინანსები, შეიძლება ითქვას, ყველაფრისთვის არის მზად, რომ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას და სწორედ ამ დროს ხდება იმ გაუთვალისწინებელი ფაქტორების არგათვალისწინება, რაც შესაძლებელია პოტენციურად დადგეს.

ვფიქრობ, ამ მიმართულების გაძლიერება ნამდვილად კარგი იქნება და რაც დრო გავა, უფრო ნაკლებ განაწყენებული მსესხებელი გვეყოლება. როგორც მინიმუმ, მათ ექნებათ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობით იღებენ სესხებს და რამ შეიძლება შეცვალოს ის პირობები, რომლითაც მათ უნდა დააბრუნონ ეს სესხები", - განაცხადა გვენეტაძემ.