ბერძნული გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საზღვაო სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ

ბერძნული გემთმფლობელი კომპანიის (LPL Shipping S.A.) წარმომადგენლები ჯორჯ კარა და პანაგოს ლემო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს გენადი არველაძეს და დავით ხუციშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ქართულმა მხარემ კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემასა და საქართველოს დროშის სახელმწიფო რეესტრზე.

მათივე ინფორმაციით, ბერძენმა სტუმრებმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო დადებითად შეაფასეს და საქართველოში სანაოსნო კომპანიის დაფუძნებისა და ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ინტერესი გამოხატეს.

ვიზიტის ფარგლებში, ბერძნული კომპანიის წარმომადგენლები ასევე შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საქართველოს საზღვაო დარგის წარმომადგენლებთან.