გიორგი კვირიკაშვილი - ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა

ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებულია იმ საგადასახადო რეფორმასთან, რაც პარლამენტშია შეტანილი.

"ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან დაახლოებით 350-400 მილიონ ლარამდე მოხდება როგორც ადმინისტრაციული ხარჯების, ისე სხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა და ლარზე ამ კუთხით ზეწოლა შემცირდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამს ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. კვირიკაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით არის კონკრეტული გეგმა გაწერილი და ნაბიჯები, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს იქნება ირანთან სავიზო მიმოსვლის გაუქმება, დამატებითი რეისები და ასე შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის "საკმაოდ სერიოზულად" გამყარებას ელოდება. როგორც მან გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეინიშნება, რაც კურსის დასტაბილურების იმედს იძლევა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტი ზეწოლას არ ახდენს და კურსის ცვალებადობა პრაქტიკულად სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.