გიორგი ქადაგიძე - მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწესება შეცდომა იყო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწესებას შეცდომას უწოდებს.

როგორც ქადაგიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მორატორიუმის დაწესებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლარის გაუფასურების პროცესში.

"მორატორიუმი მიწების გაყიდვაზე იყო ერთ-ერთი ის შეცდომა, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში", - აღნიშნა ქადაგიძემ.

რაც შეეხება ქონების პრივატიზაციას, მისივე თქმით, განსაკუთრებული როლი ამ პროცესებში პრივატიზაციას არ უთამაშია. "ნებისმიერი პრივატიზაცია არის დამატებითი უცხოური ვალუტის შემოტანა ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობისთვის, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით განსაკუთრებული როლი პრივატიზაციას არ უთამაშია ამ პროცესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.